1 . ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
2 . გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
3 . ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
4 . რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
5 . რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
6 . უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
7 . როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
8 . ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
9 . რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
10 . მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
11 . უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
12 . წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
13 . უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
14 . სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
15 . რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.