1 . ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
2 . მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.
3 . დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
4 . სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
5 . როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
6 . გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
7 . რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
8 . ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
9 . დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
10 . რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.
11 . მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
12 . დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
13 . ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.