1 . ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
2 . რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
3 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
4 . რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
5 . რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
6 . ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
7 . ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
8 . რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
9 . მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
10 . რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
11 . სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
12 . და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
13 . უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
14 . რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
15 . ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
16 . პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
17 . ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
18 . მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
19 . ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
20 . ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
21 . კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!