1 . ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
2 . შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
3 . შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
4 . ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
5 . გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
6 . მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
7 . გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
8 . შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
9 . ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
10 . ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
11 . ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.
12 . ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
13 . აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
14 . იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
15 . მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.