ფსალმუნები თავი 48

1 . გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,

2 . უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.

3 . ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.

4 . ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,

5 . რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?

6 . თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.

7 . ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.

8 . ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.

9 . რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.

10 . რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.

11 . გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

12 . ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

13 . ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.

14 . ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;

15 . ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.

16 . არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

17 . რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.

18 . თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.

19 . მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.

20 . ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.