ფსალმუნები თავი 87

1 . გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.

2 . მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.

3 . რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.

4 . შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.

5 . მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.

6 . მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.

7 . მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.

8 . შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.

9 . თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.

10 . ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.

11 . განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?

12 . შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?

13 . მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.

14 . რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?

15 . ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.

16 . თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.

17 . გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.

18 . შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.