1 . გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
2 . ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
3 . გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
4 . თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
5 . ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
6 . გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
7 . ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
8 . ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
9 . ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
10 . და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
11 . გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
12 . ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
13 . ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
14 . შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
15 . შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
16 . გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
17 . გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.
18 . შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
19 . ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
20 . უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.