1 . დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
2 . მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
3 . იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
4 . შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
5 . შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
6 . იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
7 . რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
8 . და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
10 . ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
11 . აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
12 . სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
13 . ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
14 . როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
15 . ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
16 . პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
17 . უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
18 . მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
19 . არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
20 . რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
21 . ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
22 . შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
23 . გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
24 . გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
25 . ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
26 . შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
27 . იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
28 . და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.