ფსალმუნები თავი 31

1 . მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.

2 . ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.

3 . როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.

4 . რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.

5 . ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.

6 . ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.

7 . შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.

8 . გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.

9 . ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.

10 . მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.

11 . იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.