1 . გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
2 . ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
3 . მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.
4 . ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.
5 . შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
6 . და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
7 . აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
8 . ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
9 . მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
10 . დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.
11 . ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
12 . რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
13 . შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
14 . ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
15 . დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
16 . ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
17 . საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
18 . მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
19 . მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
20 . ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა.
21 . ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
22 . მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
23 . ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.