1 . გუნდისლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა,რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს,როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
2 . და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3 . უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
4 . ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
5 . გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6 . შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
7 . გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8 . შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
9 . აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
10 . დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
11 . ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
12 . წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
13 . მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
14 . და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
16 . და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
17 . გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
18 . დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
19 . აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20 . გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
21 . მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
22 . ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
23 . ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
24 . უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
25 . და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
26 . გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
27 . ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
28 . რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
29 . ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
30 . შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
31 . უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
32 . რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
33 . ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34 . ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35 . ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36 . მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
37 . გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
38 . დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
39 . დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.
40 . და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
41 . ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
42 . იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.
43 . გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
44 . მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
45 . ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
46 . უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
47 . უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
48 . ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
49 . ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
50 . ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.