1 . ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
2 . ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
3 . კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
4 . რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
5 . ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
6 . დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
7 . რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
8 . ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
9 . რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
10 . ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
11 . ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
12 . ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
13 . მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
14 . გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
15 . გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
16 . იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
17 . და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.