1 . გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
2 . ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
3 . ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
4 . ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
5 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
6 . ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
7 . უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
8 . დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
9 . ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
10 . ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
11 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.