ფსალმუნები თავი 131

1 . გალობა აღსავალთა.

2 . გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.

3 . როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.

4 . თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,

5 . ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.

6 . აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.

7 . მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.

8 . აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.

9 . შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.

10 . შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.

11 . შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.

12 . თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.

13 . რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.

14 . „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.

15 . საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.

16 . მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.

17 . იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.

18 . მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“.