1 . გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2 . ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
3 . არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
4 . აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5 . უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
6 . დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7 . უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8 . უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.