1 . როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
2 . გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
4 . მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
5 . რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
6 . მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
7 . უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
8 . რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
9 . ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
10 . რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
11 . ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
12 . მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13 . პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
14 . ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
15 . ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
16 . მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
17 . ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
18 . აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
19 . მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
20 . უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
21 . აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
22 . დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
23 . კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
24 . ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
26 . არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!