ფსალმუნები თავი 80

1 . გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.

2 . ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.

3 . დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.

4 . რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.

5 . დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.

6 . მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.

7 . გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.

8 . ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.

9 . არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.

10 . მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.

11 . არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.

12 . და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.

13 . ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.

14 . მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.

15 . უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.

16 . გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.