ფსალმუნები თავი 84

1 . გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.

2 . აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.

3 . აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.

4 . მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.

5 . ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?

6 . ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?

7 . გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.

8 . მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.

9 . მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.

10 . შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.

11 . ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.

12 . უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.

13 . სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.