1 . გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
2 . არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
3 . გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
4 . მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
5 . რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
6 . ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
7 . გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
8 . ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
9 . ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
10 . გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
11 . და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.