1 . ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
2 . ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
3 . რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.
4 . როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
5 . თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
6 . მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.
7 . გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.
8 . ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.
9 . ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.