1 . გუნდის ლოტბარისათვის. დავითისფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
2 . შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
3 . ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.
4 . თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.
5 . უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
6 . უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
7 . საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
8 . ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
9 . ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
10 . იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
11 . და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
12 . სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.
13 . რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
14 . გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
15 . არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
16 . ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.
17 . ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.
19 . ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
20 . რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.
21 . ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
22 . სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.
23 . გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
24 . ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.