ფსალმუნები თავი 39

1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.

2 . და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.

3 . და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.

4 . ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.

5 . ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.

6 . მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;

7 . მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.

8 . შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.

9 . სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.

10 . შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.

11 . შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.

12 . რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.

13 . ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.

14 . დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;

15 . დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!

16 . გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.

17 . ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.