ფსალმუნები თავი 139

1 . გუნდის ლოტბარს,ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.

2 . რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.

3 . მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.

4 . დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.

5 . გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.

6 . ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.

7 . უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.

8 . ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.

9 . თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.

10 . დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.

11 . ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.

12 . ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.

13 . ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.