ფსალმუნები თავი 32

1 . იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

2 . ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

3 . უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.

4 . რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.

5 . უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.

6 . უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.

7 . შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

8 . ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.

9 . რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.

10 . უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.

11 . აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.

12 . ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.

13 . ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.

14 . თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15 . მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.

16 . მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.

17 . უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.

18 . აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;

19 . რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.

20 . ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.

21 . რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.

22 . იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.