ფსალმუნები თავი 61

1 . გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.

2 . მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.

3 . ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.

4 . განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა.

5 . მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

6 . მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.

7 . ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.

8 . მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.

9 . მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.

10 . არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

11 . ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.

12 . და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.