1 . გუნდის ლოტბარს,ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
2 . დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
3 . რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
4 . რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
5 . ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
6 . ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
7 . და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
8 . საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
9 . და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
10 . გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.