ეზეკიელი თავი 9

1 . ყურში ჩამძახა ხმამაღლა და მითხრა: "ახლო მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!”

2 . და, აჰა, ექვსი კაცი მოდის ჩრდილოეთისკენ მიმართული ზემო კარიბჭის მხრიდან; თითოეულს თავისი გამანადგურებელი იარაღი უჭირავს ხელში. მათ შორის ერთი სელით არის შემოსილი, წელზე მწერლის სამელნე აქვს. მოვიდნენ და სპილენძის სამსხვერპლოსთან დადგნენ.

3 . ამაღლდა ისრაელის ღმერთის დიდება ქერუბიდან, რომელზედაც იყო იგი, ტაძრის ზღურბლისკენ; დაუძახა კაცს, სელით რომ იყო შემოსილი, მწერლის სამელნე რომ ჰქონდა წელზე.

4 . უთხრა უფალმა: "ქალაქის შუაგულში ჩაიარე, იერუსალიმის შუაგულში და შუბლზე ნიშანი დაადე იმათ, რომ კვნესიან და მოთქვამენ ყოველი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება”.

5 . სხვებსაც უთხრა ჩემს გასაგონად: "ქალაქში ჩაიარეთ მის კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ!

6 . მოხუცნი, ჭაბუკნი თუ ქალწულნი, ბავშვები თუ ქალები, ყველა დახოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს ნუ შეეხებით. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ”. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მჯდარი უხუცესებიდან.

7 . უთხრა მათ: "შებილწეთ ტაძარი და გვამებით აავსეთ ეზოები!” ისინიც გავიდნენ და შეუდგნენ ქალაქში ხალხის ჟლეტას.

8 . ჯერ კიდევ მუსრავდნენ და მხოლოდ მეღა ვიყავი დარჩენილი, რომ პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვთქვი: "ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ იერუსალიმზე შენი რისხვის გადმოღვრით ისრაელის მთელს ნატამალს ანადგურებ?”

9 . მითხრა: "ისრაელის ტაძრისა და იუდას ურჯულოება ძალზე დიდია; სისხლით აივსო ეს ქვეყანა და ქალაქი სავსეა ძალადობით, რადგან ამბობენ: უფალმა მიატოვაო ეს ქვეყანა, ვერაფერს ხედავსო უფალი.

10 . არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათ თავზევე მოვაქცევ მათ გზებს”.

11 . და, აჰა, სელით შემოსილმა კაცმა, მწერლის სამელნე რომ ჰქონდა წელზე, თქვა: "ისე გავაკეთე ყველაფერი, როგორც მიბრძანე”.