ეზეკიელი თავი 30

1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იქვითინეთ, ვაი იმ დღეს!

3 . ვინაიდან ახლოა დღე და ახლოა დღე უფლისა, მოქუშული დღე; დგება ჟამი ხალხებისა.

4 . მახვილი მოვა ეგვიპტეში და ქუშს შეაძრწუნებს ეგვიპტეში დაცემული დახოცილები. მის ქონებას წაიღებენ და მის საძირკვლებს დააქცევენ.

5 . ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ქუბი და მათთან მყოფი აღთქმული ქვეყნის ძენი მახვილით დაეცემიან.

6 . ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების სიამაყე, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან! - ამბობს უფალი ღმერთი.

7 . აოხრდება აოხრებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები დანგრეულ ქალაქთა შორის იქნებიან.

8 . და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, ცეცხლს რომ მივცემ ეგვიპტეს და ყოველი მისი დამხმარე რომ განადგურდება.

9 . იმ დღეს გამოვლენ ჩემი წარგზავნილნი ხომალდებით, უზრუნველი ქუში რომ შეაშინონ; ძრწოლა გადმოვა მათზე, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.

10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბოლოს მოვუღებ ეგვიპტის სიმრავლეს, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელით.

11 . ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ერთა შორის, მოვლენ ამ ქვეყნის მოსასპობად; მახვილს იშიშვლებენ ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას.

12 . ხმელეთად ვაქცევ მდინარეებს და მივყიდი ამ მიწას ბოროტთა ხელს, ავაოხრებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით. მე, უფალმა ვთქვი.

13 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და მოვსპობ ცრუ ღმერთებს ნოფიდან; მეტად აღარ გამოვა მთავარი ეგვიპტის ქვეყნიდან; შიშს მივცემ ეგვიპტის ქვეყანას.

14 . ავაოხრებ ზემო ეგვიპტეს, ცეცხლს მივცემ ცოყანს და სამართალს აღვასრულებ თებში.

15 . გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომას სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, აღმოვფხვრი თებელთა სიმრავლეს.

16 . ცეცხლს შევუნთებ ეგვიპტეს, დაბზრიალდება სინი, გაიპობა ნო და დღისით მოადგება ნოფს მტერი.

17 . ონისა და ფიბესეტის ჭაბუკნი მახვილით მოისრებიან, ასულები კი დატყვევდებიან.

18 . თეხფენხესში დაბნელდება, როცა ეგვიპტის უღელს დავამსხვრევ. გარდახდება მისი ძლევამოსილების სიამაყე, ღრუბელი დაფარავს; დატყვევდებიან მისი ასულნი.

19 . აღვასრულებ სამართალს ეგვიპტეში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.

20 . მეთერთმეტე წლის, პირველი თვის მეშვიდე დღეს ასეთი იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

21 . "ძეო კაცისავ! მე მოვამტვრიე მკლავი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და, აჰა, არ შეხვეულა იგი განსაკურნებლად, არც არტახებით გაკოჭილა, რომ გამაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.

22 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინააღმდეგ, მკლავებს მოვამტვრევ, საღსა და მოტეხილს და მახვილს გავაგდებინებ ხელიდან.

23 . ხალხებში გავფანტავ ეგვიპტეს და ქვეყნებში მიმოვაბნევ.

24 . მკლავებს განვუმტკიცებ ბაბილონის მეფეს, ხელში ჩემს მახვილს ჩავუდებ, ფარაონს მკლავებს გადავუმტვრევ და იკვნესებს განგმირულის კვნესით მის წინაშე.

25 . ბაბილონის მეფეს მკლავებს გავუძლიერებ, ფარაონს კი მკლავები ჩამოუვარდება და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა ხელში ჩავუდებ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და გაიწვდენს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.

26 . გავფანტავ ხალხებში ეგვიპტეს და ქვეყნებში მიმოვაბნევ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”