1 . და ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ; თვალები აქვთ დასანახად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხე სახლია ისინი.
3 . შენ კი, ძეო კაცისავ, მოიმზადე დევნილობის ბარგი და გადასახლდი დღისით, მათ თვალწინ. გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილზე მათ თვალწინ, იქნებ მიხვდნენ, რომ მეამბოხეთა სახლი არიან.
4 . გამოიტანე შენი ბარგი, დევნილობის ბარგი, დღისით, მათ თვალწინ; თვითონ კი მწუხრზე გამოხვალ მათ თვალწინ, როგორც დევნილობაში წამსვლელნი გამოდიან.
5 . მათ თვალწინ გამოთხარე კედელი და გამოდი მასში.
6 . მათ დასანახად აიკიდე ზურგზე, ბნელში გამოიტანე; სახე დაიფარე, რომ მიწას ვერ ხედავდე, ვინაიდან ნიშნად დაგადგინე ისრაელის ტაძრისთვის”.
7 . ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა: ჩემი ბარგი დევნილის ბარგივით დღისით გამოვიტანე, საღამოთი კი საკუთარი ხელით გამოვთხარე კედელი, გამოვედი ბნელში და მოვიკიდე ზურგზე მათ დასანახად.
8 . დილით იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
9 . "ძეო კაცისავ! განა არ გკითხა ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებო?
10 . უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის მთავარსა და ისრაელის მთელ სახლს ეხება-თქო, ყველას, ვინც იქ ცხოვრობს.
11 . უთხარი, ნიშანი ვარ-თქო თქვენთვის, როგორც მე მოვიქეცი, თქვენც ისე მოიქცევით, გადასახლებასა და ტყვეობაში წახვალთ.
12 . მთავარი კი, თქვენ შორის რომაა, ზურგზე მოიკიდებს ბნელში და გავა კედელში, მის გამოსაყვანად რომ გამოთხრიან; სახეს დაიფარავს, რომ თვალით არ დაინახოს ეს მიწა.
13 . გავშლი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ჩემს ხაფანგში; მივიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს იქაურობას და იქ მოკვდება.
14 . ყველა დამხმარეს, მის ირგვლივ რომ არიან და მთელ მის მხედრობას გავფანტავ ქარის ყველა მიმართულებით და გაშიშვლებულ მახვილს დავადევნებ.
15 . გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ხალხებში გავფანტავ და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
16 . მოვიტოვებ მათგან რამდენიმე კაცს, დავიცავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისგან, რათა უამბონ ყველა თავისი სისაძაგლე ხალხებს, რომლებთანაც წავლენ. გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი”.
17 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
18 . "ძეო კაცისავ! ძრწოლით ჭამე პური შენი და ცახცახითა და შიშით სვი წყალი.
19 . უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მცხოვრებლებზე: დარდით შეჭამენ თავიანთ პურს და ძრწოლით დალევენ თავიანთ წყალს, ვინაიდან გაუდაბურდება მათი ქვეყანა მისი სისავსისგან ყველა მასში მცხოვრების უმართლობის გამო.
20 . დასახლებული ქალაქები გაპარტახდება, ქვეყანა უდაბნოდ გადაიქცევა და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
21 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
22 . "ძეო კაცისავ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე: ისეთი დროც დადგება, როცა ყველა წინასწარმეტყველება გაქარწყლდებაო?
23 . უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმე ეს ანდაზა, მეტად ვეღარ გამოიყენებენ ისრაელში. უთხარი: მოახლოვდა ჟამი ყოველი წინასწარმეტყველების აღსრულებისა-თქო.
24 . რადგან აღარ იქნება არცერთი ცრუ ხილვა და ყალბი მარჩიელობა ისრაელის სახლში.
25 . რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ და სიტყვა, მე რომ ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში ვიტყვი სიტყვას, მეამბოხეთა სახლო, და აღვასრულებ კიდეც! აცხადებს უფალი ღმერთი”.
26 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
27 . "ძეო კაცისავ! აჰა, ამბობს სახლი ისრაელისა: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, დიდი ხნის შემდეგ აღსრულდება და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებსო.
28 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: არ გადაიდება ჩემი არცერთი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, შესრულდება! ამბობს უფალი ღმერთი”.