ეზეკიელი თავი 32

1 . მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! იგლოვე ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და უთხარი: შენი თავი ლომი გგონია ხალხთა შორის, მაგრამ ზღვის ურჩხულს ჰგავხარ; მოხვედი და აქეთ-იქით აწყდები შენს მდინარეებში, ფეხებით ამღვრევ წყალს და ატალახებ მათ ნაკადებს.

3 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავშლი შენზე ჩემს ბადეს მრავალი ხალხის კრებულში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.

4 . მიგაგდებ მიწაზე, ღია მინდორში დაგტოვებ, დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს და შენით დავანაყრებ მიწის ყველა ცხოველს.

5 . შენს ხორცს მთებზე დავყრი და ხეობებს გავავსებ შენი მძორით.

6 . მთებამდე დავარწყულებ მიწას შენი სისხლით და ხეობები გაივსება შენი ხორცით.

7 . როცა მიგანავლებ, დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი სინათლით.

8 . ყველა კაშკაშა მნათობს დავაბნელებ ცაში შენს ზემოთ და წყვდიადს მოვფენ შენს ქვეყანაზე! - ამბობს უფალი ღმერთი.

9 . გულს დავუძაბუნებ მრავალ ერს, როცა შენი განადგურების ამბავს მივაწვდენ ხალხებსა და ქვეყნებს, რომელთაც არ იცნობ.

10 . მრავალი ხალხი შეიძვრება შენ გამო, შეძრწუნდებიან მათი მეფენი შენზე, როცა ხმალს მოვიქნევ მათ წინაშე და თითოეული თავისი სულის გამო იკანკალებს ყოველ წამს, შენი დაცემის დღეს.

11 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოგწვდება შენ.

12 . ძლიერთა მახვილით დავცემ შენს ურდოებს; ხალხთაგან უსასტიკესნი გაანადგურებენ ეგვიპტის სიამაყეს და დაიღუპება მისი ხალხი.

13 . მოვსპობ მთელ მის საქონელს დიდი წყლების პირზე, აღარ აამღვრევს მას მეტად ადამიანის ფეხი და აღარც საქონლის ჩლიქები აამღვრევს.

14 . მაშინ შევადედებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ! - ამბობს უფალი ღმერთი.

15 . როცა ავაოხრებ ეგვიპტის ქვეყანას და დაცარიელდება მისი მიწა სისავსისგან, როცა გავჟლეტ ყველა მასში მცხოვრებს, ეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.

16 . სამგლოვიარო სიმღერაა, რომ მოსთქვამენ; ხალხთა ასულნი მოსთქვამენ და მოსთქვამენ ეგვიპტესა და მის ხალხზე” - ამბობს უფალი ღმერთი.

17 . მეთორმეტე წელს, პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს, ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:

18 . "ძეო კაცისავ! იგლოვე ეგვიპტის ხალხზე, დაამხე ის და დიდებული ხალხების ასულები ქვესკნელში საფლავად ჩასულებთან.

19 . ვისზე უკეთესი ხარ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან.

20 . მახვილით მოკლულთა შორის დაეცემიან, ისიც მახვილს არის გადაცემული, მიუგდეთ ის და მთელი მისი ხალხი.

21 . ილაპარაკებენ შავეთში მასზე და მის მხარდამჭერებზე უძლიერესნი გმირთა შორის: დაეცნენ და წვანან წინადაუცვეთელნი და მახვილით მოსრილნი!

22 . იქვეა აშური და მთელი მისი კრებული, მისი საფლავის ირგვლივ; მოკლულია ყველა მისიანი, მახვილითაა განგმირული.

23 . საფლავები ქვესკნელის კიდეებთან დაუდგინეს, მისი კრებული მისი საფლავის ირგვლივაა; ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული; ისინი, ვინც შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას.

24 . იქვეა ყელამი, მთელი თავისი ხალხით, მისი საფლავის ირგვლივ. ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული, წინადაუცვეთელები ჩავიდნენ ქვესკნელში, შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.

25 . განგმირულთა შორის მიუჩინეს სარეცელი მთელ თავის ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული; აკი თვითონ სცემდნენ შიშის ზარს ცოცხალთა ქვეყანას, მათაც იტვირთეს თავიანთი შერცხვენა საფლავში ჩასულებთან ერთად. მოკლულთა შორის განაწესეს.

26 . იქვე არიან მეშექი და თუბალი თავიანთ ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

27 . არ უნდა განერთხნენ გმირებთან? დაცემულ წინადაუცვეთელებთან? საკუთარი საბრძოლო საჭურვლით ჩავიდნენ შავეთში, თავქვეშ ამოიდეს მახვილები, მათ ძვლებზე დაივანა მათმა ურჯულოებამ, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

28 . შენც ფარაონ, წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით განგმირულებთან ერთად დაწვები.

29 . აქვეა ედომი, მისი მეფეები და ყველა მისი მთავარი, საკუთარ სიძლიერეში დაეცნენ მახვილით განგმირულებთან. განერთხმებიან წინადაუცვეთელებთან, საფლავში ჩასულებთან.

30 . იქ არის ჩრდილოეთის ყველა უფლისწული და ყველა სიდონელი, დახოცილებთან რომ ჩავიდნენ შერცხვენილნი საკუთარ ძალმომრეობაში, შიშის ზარს რომ სცემდნენ. განერთხნენ წინადაუცვეთელთა და მახვილით მოკლულთა შორის, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.

31 . იხილავს მათ ფარაონი და ნუგეშცემული იქნება უამრავი ხალხის გამო, მახვილით რომ დაიხოცა; ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი! - ამბობს უფალი ღმერთი.

32 . რადგან მე განვავრცობ ჩემს შიშს ცოცხალთა ქვეყანაზე, განერთხმებიან ისინი წინადაუცვეთელთა და მახვილით დაცემულთა შორის - ფარაონი და მთელი მისი ხალხი!” - ამბობს უფალი ღმერთი!