ეზეკიელი თავი 26

1 . მეთერთმეტე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! რადგან ტვიროსი იერუსალიმზე ამბობს: ეჰე! დაიმსხვრა კარიბჭე ხალხებისა, ჩემკენ მობრუნდა, მე გავივსები, ის კი, აოხრებულიაო.

3 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ტვიროსო, ისე აგიმხედრებ მრავალ ხალხს, როგორც ზღვა აზვირთებს ტალღებს.

4 . დაანგრევენ ტვიროსის გალავნებს, ჩამოანგრევენ მის კოშკებს! გამოვფხეკ მის ნამსხვრევებს და სალ კლდედ ვაქცევ;

5 . ბადეების დასაგებ ადგილად ვაქცევ შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვილაპარაკე! ამბობს უფალი ღმერთი, იქნება იგი საძარცვად ხალხთათვის.

6 . ასულნი მისი, ველზე მყოფნი, მახვილით დაეცემიან და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”

7 . ვინაიდან, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, ჩრდილოეთიდან მოვიყვან ტვიროსზე ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებით, ეტლებითა და მხედრებით, ჯარითა და მრავალი ხალხით.

8 . შენს ასულებს მახვილით ჩახოცავს ველზე, ალყაში მოგიქცევს, მიწაყრილს შემოგავლებს და ფარს აღმართავს შენზე.

9 . კედლის სანგრევ მანქანას დადგამს შენს კედლებთან და შენს კოშკებს მახვილით ჩამოანგრევს.

10 . მისი მრავალრიცხოვანი ცხენების მტვერი დაგფარავს, მხედრების, ბორბლებისა და ეტლების ხმა შეარყევს შენს კედლებს, როცა მოვლენ შენს კარიბჭესთან, დაცემულ ქალაქში შემოსასვლელად.

11 . მისი ცხენების ფლოქვები გათელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით მოისრება და შენი ძლევამოსილების სვეტები მიწაზე დაემხობა.

12 . დაიტაცებენ შენს სიმდიდრეს და შენი საქონელი ნადავლად ექნებათ; ჩამოანგრევენ შენს კედლებს და შენს მშვენიერ სახლებს დალეწენ; შენს ქვებს, ხესა და მიწას ზღვაში ჩაყრიან.

13 . შეწყვეტ შენი სიმღერების გუგუნს და შენი ქნარის ხმა აღარ გაისმება.

14 . სალ კლდედ გაქცევ, ბადეების გასაფენ ადგილად და მეტად აღარ აშენდები, რადგან მე, უფალმა ვილაპარაკე!” - ამბობს უფალი ღმერთი.

15 . ასე ეუბნება ღმერთი, უფალი ტვიროსს: "შენი დამხობის ხმა და შენს შიგნით ჟლეტისას დაჭრილთა კვნესა შეარყევს კუნძულებს.

16 . ჩამოვა თავ-თავისი ტახტიდან ზღვის ყველა მთავარი, მოიხსნის თავის მანტიას, ნაქარგ სამოსელს გაიხდის, შიშით შეიმოსება, მიწაზე დაჯდება და შეძრწუნდება შენი ხვედრის გამო.

17 . დაიწყებენ შენზე მოთქმას და გეტყვიან: როგორ განადგურდი, მეზღვაურებით დასახლებულო, ღირსეულო ქალაქო, ზღვებზე ძლევამოსილო; შენ და მცხოვრებნო მისნო, შიშს რომ ჰგვრიდით ყველას.

18 . ათრთოლდებიან ახლა კუნძულები შენი დამხობის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვაში შენ გამო განდევნილი კუნძულელნი”.

19 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "როცა უდაბურ ქალაქად გადაგაქცევ, დაუსახლებელი ქალაქებივით, როცა უფსკრულს მოგაწევ და დაგფარავენ დიდი წყლები,

20 . მაშინ ჩაგიყვან საფლავში ჩამსვლელებთან ერთად ძველ ხალხთან, დაგამკვიდრებ ქვესკნელში ძველთაგანვე მოოხრებულ ადგილებში, საფლავში ჩასულებთან ერთად, რათა აღარ დაგასახლონ და აღარ იყოს შენთვის ადგილი ცოცხალთა ქვეყანაზე.

21 . საშინელებას მოგაწევ და აღარ იქნები; მოგძებნიან და ვეღარასოდეს გიპოვიან”, ამბობს უფალი ღმერთი.