1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ხალხის ძეებს და უთხარი: თუ მახვილს მოვუვლენ რომელიმე ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხი თავისი წიაღიდან ერთ კაცს გამოარჩევს და თავის გუშაგად დაადგენს მას,
3 . დაინახავს იგი ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, საყვირს ჩაბერავს და ხალხს გააფრთხილებს;
4 . ის, ვინც გაიგონა საყვირის ხმა და არ იფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა, მისი სისხლი მისავე თავზე იქნება.
5 . საყვირის ხმა გაიგონა და არ იფრთხილა - მისი სისხლი მასზევე იქნება; რომ გაფრთხილებულიყო, თავს გადაირჩენდა.
6 . თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაბერავს საყვირს და ხალხს არ გააფრთხილებს, მოვა მახვილი და ვინმეს წაიყვანს, ის თავისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი; ოღონდ გუშაგს მოვკითხავ მის სისხლს.
7 . აჰა, ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ, ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ.
8 . ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
9 . მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
10 . ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობ-თქო: თუ ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით, როგორღა უნდა ვიცოცხლოთო?
11 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან, რისთვის უნდა გაწყდეთ, ისრაელის სახლო?
12 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან, რისთვის უნდა გაწყდეთ, ისრაელის სახლო?
13 . როცა მართალს ვეუბნები, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეზე დაიმედებული ურჯულოდ მოიქცევა, არც ერთი მისი მართალი საქმე არ იქნება გახსენებული და მოკვდება თავის ურჯულოებაში, რაც ჩაიდინა.
14 . როცა ბოროტეულს ვეუბნები, მოკვდები-მეთქი! ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და სამართალსა და სიმართლეს მოიმოქმედებს,
15 . ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.
16 . არც ერთი ცოდვა, რაც ჩაიდინა, არ გაუხსენდება. სამართალსა და სიმართლეს იქმდა და სიცოცხლით იცოცხლებს.
17 . მაგრამ ამბობენ შენი ერის ძეები: არასწორიაო უფლის გზა! თავად მათი გზა არ არის სწორი.
18 . როცა მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, ურჯულოებაში მოკვდება.
19 . როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს, სამართლისა და სიმართლის გამო იცოცხლებს.
20 . თქვენ კი ამბობთ: არასწორიაო უფლის გზა! მაგრამ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო!
21 . და იყო, ჩვენი განდევნის მეთორმეტე წელს, მეათე თვის მეხუთე დღეს მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან დევნილი და მითხრა: "დაეცა ქალაქი”.
22 . უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს დევნილის მოსვლამდე და უფალმა გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გამიხსნა ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
23 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
24 . "ძეო კაცისავ! ასე ამბობენ ისრაელის მიწაზე იმ ნაოხარ ადგილებში მცხოვრებნი: აბრაჰამი ერთი იყო და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და ჩვენ მოგვეცაო ეს ქვეყანა სამკვიდროდ!
25 . ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხორცს სისხლთან ერთად ჭამთ, თვალები კერპებისკენ გაგირბით და სისხლს ღვრით; განა დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას?
26 . თქვენს მახვილებზე ხართ დანდობილნი, სისაძაგლეს სჩადიხართ და თითოეული თქვენგანი მოყვასის ცოლს ბილწავს. განა დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას?
27 . ასე უთხარი მათ, ასე ამბოს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ ნაოხრებში მყოფნი უსათუოდ მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მივცე საჭმელად; ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირი მოუღებს ბოლოს!
28 . უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას და დაეცემა მისი ძლიერების სიამაყე, გაუდაბურდება ისრაელის მთები, არავინ იქნება მათზე გამვლელი.
29 . გაიგებენ, რომ უფალი ვარ, როცა უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას ყველა მათი სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.
30 . შენ კი, ძეო კაცისავ! შენი ერის ძეები შენზე რომ ლაპარაკობენ კედლებთან და სახლების შესასვლელებთან, ერთმანეთს ეუბნებიან: მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც უფლისგან გამოვიდა!
31 . ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
32 . აჰა, მხოლოდ სასიყვარულო სიმღერა ხარ მათთვის, ადამიანის მიერ მშვენიერი ხმით ნამღერი, რადგან შენს სიტყვებს ისმენენ, მაგრამ არ ასრულებენ.
33 . და როცა ახდება ეს და, აჰა, აუცილებლად ახდება კიდეც, მაშინ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის!