ეზეკიელი თავი 46

1 . "ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული, ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში დახშული იქნება, ხოლო შაბათობითა და ახალმთვარობის დღეს გაიღება.

2 . შემოვა მთავარი კარიბჭის გარე დერეფნის გზით და დადგება კარიბჭის ზღურბლთან. აღასრულებენ ღვთისმსახურნი მის ყოვლადდასაწველსა და სამშვიდობო შესაწირს, სცემს ის თაყვანს კარიბჭის ზღურბლთან, გავა და საღამომდე არ დაიკეტება კარიბჭე.

3 . თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფალს იმ კარიბჭის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობისას.

4 . სრულადდასაწველი შესაწირი, მთავარი რომ შესწირავს უფალს შაბათ დღეს, ასეთი იქნება: ექვსი საღი ცხვარი და ერთიც უნაკლო ვერძი.

5 . ძღვნად ერთი ეფა მარცვლეული იქნება ვერძზე, ცხვრებზე - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.

6 . ახალმთვარობაზე უნაკლო მოზვერი ჯოგიდან, ექვსი საღი ცხვარი და ვერძი იქნება.

7 . ეფა ვერძზე და ეფა მოზვერზე - ძღვენს შეასრულებს, ცხვრებზე კი რამდენსაც გაიმეტებს მისი ხელი, ზეთი - ჰინი ეფაზე.

8 . როცა მთავარი შემოვა, კარიბჭის დერეფნის გზით შემოვა და იმავე გზით გავა.

9 . უფლის წინაშე დღესასწაულებზე სათაყვანებლად მოსული ქვეყნის ერიდან ჩრდილო კარიბჭის გზით შემოსული სამხრეთის გზით გავა, ხოლო სამხრეთ კარიბჭის გზით მომსვლელი ჩრდილო კარიბჭით გავა; არ გაბრუნდება იმავე კარიბჭის გზით, რომლითაც მოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავა.

10 . მათ შორის მთავარიც, მათი შემოსვლისას შემოვა და მათი გასვლისას გავა.

11 . ზეიმებსა და დღესასწაულებზე შესაწირი ასეთი უნდა იყოს: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე, ცხვრებზე კი - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.

12 . როცა მთავარი ნებაყოფლობით სრულადდასაწველ მსხვერპლს ან სამშვიდობო შესაწირს აღასრულებს, გაუხსნიან აღმოსავლეთით მიმართულ კარიბჭეს, აღავლენს თავის სრულადდასაწველ შესაწირსა და სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც შაბათ დღეს აკეთებს, გავა და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.

13 . უნაკლო ერთწლიანი ვერძით შეუსრულე სრულადდასაწველი მსხვერპლი ყოველდღე უფალს, ყოველ დილით უნდა აღუვლინო.

14 . ძღვენს მიართმევ დილაობით - მეექვსედ ეფასა და მესამედ ჰინ ზეთს, გამტკიცული ფქვილის შესაზელად: ესაა უფლის ძღვნის სამუდამო და მუდმივი დადგენილება.

15 . აღავლინონ ვერძი სრულადდასაწველად და პური და ზეთი ყოველ დილას, მუდმივად.

16 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი რომელიმე თავის ძეს მიწას აძლევს საჩუქრად, მაშინ ეს მის შვილებსაც უნდა გადაეცეს მემკვიდრეობად. ეს მათი სამფლობელო მემკვიდრეობითი უნდა იყოს.

17 . ხოლო თუ საკუთარი მემკვიდრეობიდან თავის ერთ მონათაგანს აჩუქებს მიწას, ნაჩუქარი გათავისუფლების წლამდე მისი იქნება და მერე კვლავ მთავარს დაუბრუნდება; მხოლოდ მის ძეებს ექნებათ ის კუთვნილებაში.

18 . ნუ აიღებს მთავარი ხალხის მემკვიდეობიდან ან ქონებიდან წართმეულს, მხოლოდ თავისი ქონებიდან დაუმკვიდროს საკუთარ ძეებს, რათა არავინ გაიფანტოს ჩემი ხალხიდან, თავისი სამფლობელოდან.

19 . შემიყვანა შესასვლელით, კარიბჭის გვერდით რომაა, ღვთისმსახურთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიმართული; და, აჰა, ადგილი კიდეზე, დასავლეთით.

20 . მითხრა: "ეს არის ადგილი, სადაც ღვთისმსახურნი დანაშაულისა და ცოდვის გამოსასყიდ შემონაწირს მოამზადებენ და პურეულ ძღვენს გამოაცხობენ, რათა გარე ეზოში არ იქნეს გატანილი ხალხის განსაწმედად”.

21 . გამიყვანა გარე ეზოში, მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე, და, აჰა, ეზო - ეზოს თითოეულ კუთხეში.

22 . ეზოს ოთხივე კუთხეს სხვა ეზო ერთვოდა, ორმოცი წყრთა სიგრძე და ოცდაათი სიგანე; ერთი ზომისა იყო ოთხივე კუთხეში.

23 . ოთხივე მათგანს ირგვლივ ქვების მწკრივი ჰქონდა შემოწყობილი, ძირს კი - გარშემო, სამზარეულოები იყო.

24 . მითხრა: "ეს სამზარეულო სახლებია, სადაც ხალხის შემონაწირს მოამზადებენ ტაძრის მსახურნი”.