1 . კარიბჭისკენ წამიძღვა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
2 . და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
3 . ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ ვიხილე; იმ ხილვის მსგავსი იყო, მე რომ ვნახე, როცა ქალაქის გასანადგურებლად მოვიდა; იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ მდინარე ქებართან ვიხილე და პირქვე დავემხე.
4 . უფლის დიდება ტაძარში იმ კარიბჭით შევიდა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
5 . ამიყვანა სულმა, შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებამ აავსო ტაძარი.
6 . გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან; კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7 . მითხრა: "ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ფეხების ტერფებისა, სადაც საუკუნოდ დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის. აღარ შებილწავს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი - არც ის და არც მისი მეფენი, თავიანთი სიძვითა და მეფეთა გვამებით გორაკებზე.
8 . თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანაბრებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ჩემი წმიდა სახელი შებილწეს თავიანთი სისაძაგლეებით, რასაც სჩადიოდნენ ისინი; მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
9 . ახლა კი განაშორონ ჩემგან თავიანთი სიძვა და თავიანთი მეფეთა სამარხები; მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
10 . შენ კი, ძეო კაცისავ! ამ ტაძრის შესახებ აუწყე ისრაელის სახლს, რომ შერცხვეთ თავისი ურჯულოებისა და აზომონ ტაძარი.
11 . და თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი და მისი აგებულება, მისი გასასვლელები და შესასვლელები, მთელი მისი ნახაზი, ყოველი წესი და კანონი; მათ თვალწინ დაწერე, რომ დაიცვან მთელი მისი აგებულება და წესი, და შეასრულონ.
12 . ეს არის ტაძრის კანონი - მთის თხემი და მთელი მისი მიდამო წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის ტაძრის კანონი.
13 . ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: კვარცხლბეკი - ერთი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა, ჩარჩო მის კიდეზე ირგვლივ - ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს სიმაღლე:
14 . მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე - ორი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე - ოთხი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა.
15 . სამსხვერპლოს კერა - ოთხი წყრთა, კერიდან მაღლა ოთხი რქა ამოდის.
16 . სამსხვერპლოს კერა - თორმეტი წყრთა სიგრძით და თორმეტი - სიგანით; ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
17 . შვერილი თოთხმეტი წყრთა იყოს სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს; ჩარჩო მის ირგვლივ - ნახევარი წყრთა, ხოლო მისი კვარცხლბეკი - ერთი წყრთა ირგვლივ; საფეხურები აღმოსავლეთით ჰქონდეს მიმართული”.
18 . და მითხრა: "ძეო კაცისავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის სამსხვერპლოს წესები იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, რათა სრულადდასაწველი მსხვერპლი აღავლინონ მასზე და სისხლი მოაპკურონ.
19 . მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავლებს, რომლებიც მომიახლოვდნენ, რათა მემსახურონ, ამბობს უფალი ღმერთი, თითო მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად.
20 . აიღებ მისი სისხლიდან და სცხებ მის ოთხ რქას, შვერილს ოთხივე კუთხეში და ჩარჩოს ირგვლივ; ასე განწმედ და ცოდვისგან გამოისყიდი მას.
21 . ასევე აიღებ მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დასწვავ ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.
22 . მეორე დღეს კი, შესწირავ უმანკო თხას ცოდვის გამოსყიდვის შესაწირად, ამით გაწმიდავენ სამსხვერპლოს, როგორც მოზვერით გაწმიდეს.
23 . გაწმედას რომ დაასრულებ, უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს შესწირავ ფარიდან.
24 . უფლის წინაშე წარადგინე, მღვდლებმა მარილი მოაფრქვიონ და სრულადდასაწველ მსხვერპლად აღუვლინონ უფალს.
25 . შვიდი დღის მანძილზე ამზადე ყოველ დღე თითო თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად; ასევე მომზადდეს უმანკო მოზვერი და ვერძი ფარიდან.
26 . შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ სამსხვერპლოს გამოსყიდვა და სუფთაჰყონ იგი. ასე გაწმედენ მას და იქნება იგი გამოსაყენებელი.
27 . ამ დღეებს რომ დაასრულებენ, მერვე დღეს და შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები და მე მიგიღებთ თქვენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.