1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, საკუთარი გონებით რომ წინასწარმეტყველებენ: ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
3 . ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი უგუნურ წინასწარმეტყველთ, თავიანთ სულს რომ მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.
4 . როგორც ტურები ნანგრევებში, ისე იყვნენ შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო.
5 . დანგრეულ კედლებზე არ ასულხართ და არც კედელი აგიშენებიათ ისრაელის ტაძრის გარშემო, რომ საბრძოლველად დადგეთ უფლის დღეს.
6 . ხედავენ ამაოებას, მათი მისნობა სიცრუეა. ამბობენ: "უფალმა ბრძანაო!” მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი. მაინც თავიანთი სიტყვის ასრულების იმედი აქვთ.
7 . განა ამაო ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მისნობთ, რომ ამბობთ: უფალი ბრძანებსო, მე კი არაფერი მითქვამს?
8 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ამაოებას ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს უფალი ღმერთი.
9 . ჩემი ხელი იქნება იმ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ამაოებას რომ ხედავენ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის ტაძრის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ გაიგებთ, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
10 . იმის გამო, რომ შეაცდინეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: მშვიდობააო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი უვარგის კედელს აშენებს და, აჰა, სხვანი უვარგისი ბათქაშით ათეთრებენ.
11 . უთხარი მათ, ვინც აბათქაშებს: წამოვა კოკისპირული წვიმა, მსხვილი სეტყვა ჩამოცვივა, ქარიშხალი ამოვარდება და კედელი მალე დაეცემა!
12 . და, აჰა, კედელი რომ დაეცემა, განა არ გკითხავენ, სად არის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთო?
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე დავანგრევ, ჩემი რისხვის ქარიშხლით, ჩემი წყრომის კოკისპირული წვიმით და რისხვის სეტყვის ქვებით - მოვსპობ მას.
14 . დავანგრევ კედელს, თქვენ რომ უვარგისი ბათქაშით შელესეთ, მიწამდე დავამხობ და გაშიშვლდება მისი საძირკველი. დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
15 . კედელზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას და უვარგისი ბათქაშით მლესავებზე, გეტყვით: აღარ არის კედელი და არც მისი მლესავები,
16 . ისრაელის წინასწარმეტყველებთან ერთად, იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, აღარ არიან მისი მშვიდობის მხილველნი, როცა არ არის მშვიდობა! - ამბობს უფალი ღმერთი.
17 . და შენ, ძეო კაცისავ! შენი ხალხის ასულებისკენ მიაბრუნე სახე, საკუთარი შთაგონებით რომ წინასწარმეტყველებენ; იწინასწარმეტყველე მათზე.
18 . უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ჯადოქრულ სამაჯურებს რომ კერავენ ყოველი მაჯისთვის და ყველა ზომაზე რომ აკეთებენ ადამიანთა სულების გამოსაჭერად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებზე ნადირობით თქვენ სიცოცხლეს შეინარჩუნებთ?
19 . შემბღალეთ ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის ჩემს ხალხთან, რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ უნდა მოკვდნენ და ცოცხლად ტოვებთ იმათ, რომლებიც არ არიან საცოცხლებელნი; ჩემს ხალხს ატყუებთ, ტყუილის მომსმენთ.
20 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ თქვენი ჯადოქრული სამაჯურების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ფრინველებივით ინადირებთ; გამოგგლეჯთ მკლავებიდან და გავათავისუფლებ სულებს, რომლებსაც ფრინველებივით ინადირებთ.
21 . დავხევ მაგ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში სანადიროდ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
22 . რადგან მართლის გულს ტყუილით ანაღვლიანებთ, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
23 . ამიტომ თქვენ, დედაკაცებო, ვეღარ იხილავთ ამაო ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ. მე ვიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.