1 . უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
2 . გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო.
3 . მკითხა: "ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: "უფალო ღმერთო, შენ იცი!”
4 . მითხრა: "უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.
5 . ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით.
6 . ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
7 . ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა.
8 . შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში.
9 . მითხრა: "უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”.
10 . ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.
11 . მითხრა: "ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!”
12 . ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ.
13 . მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!
14 . ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” - ამბობს უფალი.
15 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
16 . "ძეო კაცისავ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და მისი თანამდგომი ისრაელის ძეთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის ნაჭერი) და მისი თანამდგომი მთელი ისრაელის ტაძრისთვის.
17 . შემდეგ ერთმანეთს მიადგი, ერთი მეორე ნაჭერს, რათა ერთ ხედ გახდეს შენს ხელში.
18 . როცა გკითხავენ შენი ერის ძეები: გვითხარი, ეს რას ნიშნავსო?
19 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხის ნაჭერს, რომელიც ეფრემის და მის თანამდგომ ისრაელის ძეთა ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხის ნაჭერს, ერთ ხედ ვაქცევ მათ და ერთნი იქნებიან ჩემს ხელში.
20 . ხის ნაჭრები, ზედ რომ დააწერე, ხელში გეჭირება მათ თვალწინ.
21 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გამოვიყვან ისრაელის ძეებს იმ ხალხებიდან, რომლებთანაც მივიდნენ; ყოველი მხრიდან შევკრებ მათ და თავიანთ მიწაზე მოვიყვან;
22 . იქ, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მათ ქვეყანაში, ერთი მეფე ეყოლება ყველას მეფედ, აღარასოდეს იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ.
23 . აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით, თავიანთი სისაძაგლეებით, არანაირი შეცოდებებით; ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ და განვწმენდ მათ. ჩემს ხალხად იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
24 . ჩემი მსახური დავითი ეყოლებათ მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას; ჩემი სამართლით ივლიან, ჩემს დადგენილებებს დაიცავენ და შეასრულებენ.
25 . იცხოვრებენ იმ მიწაზე, ჩემს მსახურ იაკობს რომ მივეცი, სადაც თქვენი მამები ცხოვრობდნენ, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე; დავითი, ჩემი მსახური, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
26 . მშვიდობის აღთქმას დავდებ მათთან და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვიდრებ მათ, გავამრავლებ და ჩემს საწმიდარს დავდგამ მათ შორის საუკუნოდ.
27 . ჩემი სამყოფელი იქნება მათთან; მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან.
28 . მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.