ეზეკიელი თავი 5

1 . "შენ კი, ძეო კაცისავ! აიღე ბასრი მახვილი, დალაქის სამართებელივით გადაიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.

2 . მესამედი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას კოცონზე დაწვი; აიღე მესამედი და ქალაქის ირგვლივ მახვილით დააქუცმაცე; მესამედი კი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

3 . აიღე იქიდან მცირეოდენი და მოსასხამის კიდეებში გამოიკარი.

4 . კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში; მისგან გავრცელდება ცეცხლი ისრაელის ყველა სახლზე.

5 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! ხალხების შუაგულში დავსვი იგი, მის გარშემო ქვეყნებია.

6 . მაგრამ ხალხებზე უფრო ბოროტად აუჯანყდა იგი ჩემს დადგენილებებს და გარშემო მყოფ ქვეყნებზე უარესად აღუდგა ჩემს წესებს, რადგან ჩემი დადგენილებები უკუაგდეს და ჩემი წესებით არ იარეს.

7 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ გარშემო მყოფ ერებზე მეტად ბობოქრობთ, ჩემი წესებით არ დადიხართ და ჩემს წესებს არ ასრულებთ; იმ ხალხების წესებსაც კი არ ასრულებთ, თქვენ გარშემო რომ ცხოვრობენ,

8 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე, მეც შენს წინააღმდეგ ვარ და შენს შუაგულში აღვასრულებ სამართალს ერების თვალწინ.

9 . შენი საძაგელი კერპების გამო ისეთ რამეს გაგიკეთებ, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.

10 . ამიტომ შეჭამენ მამები თავიანთ ძეებს შენ შორის და ძეები შეჭამენ მამებს; სამართალს აღვასრულებ შენზე და ყველა ქარის მიმართულებით გავფანტავ მთელ შენს ნატამალს.

11 . ცოცხალი ვარ! - ამბობს უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი სიბილწით, მეც დაგამცირებ; არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ.

12 . შენი მესამედი შავი ჭირით მოკვდება და შიმშილით დაიღუპება შენ შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარის მიმართულებით გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

13 . ასე დასრულდება ჩემი რისხვა, დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალმა, ვილაპარაკე ჩემი შურით, როცა დავასრულებ ჩემს გულისწყრომას მათდამი.

14 . მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად იმ ხალხებში, შენ გარშემო რომ არიან და ყოველი გამვლელის თვალში.

15 . და იქნება ეს შესარცხვენად, დასაცინად, გაფრთხილებად და შესაზარად იმ ხალხებისთვის შენ გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენს წინააღმდეგ სამართალს რისხვით, გულისწყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალმა ვთქვი ეს.

16 . მოვავლენ შენზე შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან შენს დასაღუპად მოვავლენ მათ; შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და გავტეხ პურის კვერთხს.

17 . მოგივლენთ შიმშილს და ველურ მხეცებს და შვილების გარეშე დარჩებით, შავი ჭირი და სისხლი გაივლის შენში და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ!”