ეზეკიელი თავი 14

1 . ისრაელის უხუცესთაგან მოვიდნენ კაცნი და დასხდნენ ჩემ წინაშე.

2 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

3 . "ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?

4 . ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!

5 . რომ დავიბრუნო ისრაელის ტაძრის გული, რომელიც თავისი კერპების გამო გამიუცხოვდა.

6 . ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: მოინანიეთ და მობრუნდით თქვენი კერპებისგან და ყველა თქვენი სისაძაგლისგან მოაბრუნეთ თქვენი სახე,

7 . ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!

8 . მივაბრუნებ სახეს ასეთი კაცის წინააღმდეგ, ნიშნად და იგავად ვაქცევ მას და გავდევნი ჩემი ხალხიდან; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.

9 . ხოლო თუ წინასწარმეტყველი ცდუნდება და ეტყვის სიტყვას, მე, უფალი, ვაცდუნებ იმ წინასწარმეტყველს; გავიწვდენ ხელს მასზე და გავდევნი მას ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან.

10 . იტვირთავენ ისინი თავიანთ ურჯულოებას: ისეთივე იქნება წინასწარმეტყველის უმართლობა, როგორიც შემკითხველისა.

11 . რათა მეტად აღარ განმიდგეს სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწოს ყველა თავისი დანაშაულით! გახდეს ჩემი ხალხი, მე კი ვიყო მათი ღმერთი! - ამბობს უფალი ღმერთი”.

12 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

13 . "ძეო კაცისავ! როცა შესცოდავს ქვეყანა ჩემ წინაშე და მიღალატებს, ხელს გავიწვდენ მასზე და გავუნადგურებ საკვების მარაგს; დავუშვებ მასზე შიმშილს და მოვკვეთ მისგან ადამიანსა და საქონელს.

14 . ეს სამი კაციც რომ აღმოჩენილიყო მასში - ნოე, დანიელი და იობი, თავისი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულებს გადაირჩენდნენ!” - ამბობს უფალი ღმერთი,

15 . "თუნდაც დაუნდობელი მხეცები შევუსიო იმ ქვეყანას, გააუკაცრიელონ და გააუდაბურონ მიწა, აღარავინ დარჩეს გამვლელი იმ მხეცების გამო,

16 . და ეს სამი კაცი ცხოვრობდეს იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, მხოლოდ თავს გადაირჩენდნენ, ის ქვეყანა კი გატიალდებოდა.

17 . ან მახვილი რომ დავუშვა იმ ქვეყანაზე და ვბრძანო: დაე, მახვილმა მოიაროს ეს ქვეყანა და ამოჟლიტოს-მეთქი ადამიანი და საქონელი.

18 . და ეს სამი კაცი ცხოვრობდეს იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, მხოლოდ თავებს გადაირჩენდნენ.

19 . ან შავი ჭირი მოვუვლინო იმ ქვეყანას და სისხლად დავანთხიო მასზე ჩემი გულისწყრომა ადამიანისა და საქონლის გასაწყვეტად.

20 . ნოე, დანიელი და იობიც რომ იყვნენ იქ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, ვერც ძეებს დაიხსნიდნენ და ვერც ასულთ, თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ თავებს გადაირჩენდნენ”.

21 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "რა საშინელება იქნება, როცა ჩემი ოთხი მძიმე სასჯელი - მახვილი და შიმშილი, დაუნდობელი მხეცი და შავი ჭირი - დაეშვება იერუსალიმზე, რათა ამოვწყვიტო ადამიანი და საქონელი.

22 . აჰა, დარჩება მასში ნატამალი, იქიდან დახსნილი ძეებისა და ასულებისა! აჰა, გამოვლენ, დაინახავთ მათ სვლასა და მოქმედებას და ნუგეშცემული იქნებით უბედურებაში, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმზე, ყოველივეში, რაც მოვაწიე.

23 . ინუგეშებთ, როცა მათ სვლასა და მოქმედებას იხილავთ და მიხვდებით, რომ უმიზეზოდ არ მომიმოქმედია ის, რაც მოვიმოქმედე!” აცხადებს უფალი ღმერთი.