ეზეკიელი თავი 41

1 . მიმიყვანა ტაძართან და სვეტები გაზომა: სიგანე ექვსი წყრთა იყო ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა - მეორე მხარეს; ეს იყო იმ კარვის სიგანე.

2 . შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა; შესასვლელის გვერდები - ხუთი წყრთა ერთ მხარეს, ხუთი წყრთა - მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე და ორმოცი წყრთა იყო, სიგანე - ოცი წყრთა.

3 . შიგნით შევიდა და შესასვლელის გვერდითი სვეტი გაზომა: ორი წყრთა, შესასვლელი - ექვსი წყრთა სიმაღლეში, ხოლო სიგანე - შვიდი წყრთა.

4 . გაზომა მისი სიგრძე: ოცი წყრთა, სიგანე - ოცი წყრთა ტაძრის წინ. მითხრა: "ეს წმიდათა წმიდაა”.

5 . შემდეგ ტაძრის კედელი გაზომა - ექვსი წყრთა, გვერდითი ოთახის სიგანე - ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.

6 . გვერდითი ოთახები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, ოცდაათი ოთახი თითო სართულზე; კედლამდე აღწევდნენ, სახლს რომ ჰქონდა ირგვლივ ოთახებისთვის, ერთმანეთი რომ გაემაგრებინათ და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.

7 . ფართოვდებოდა და იხვეოდა მაღლა მიმავალი საფეხურები გვერდითა ოთახებისკენ, რადგან ტაძრის დახვეული საფეხურები მიიწევდნენ მაღლა-მაღლა, ტაძრის ირგვლივ; ამიტომ განიერდებოდა ტაძრის სიმაღლის კვალობაზე და ამგვარად, ქვედა სართულიდან ზედაზე ადიოდნენ შუა სართულის საშუალებით.

8 . დავინახე, რომ სახლს შემაღლებული ბაქანი ჰქონდა ირგვლივ; გვერდითი ოთახების საძირკველი სრული ექვსი წყრთა იყო.

9 . კედლის სიგანე, გვერდითა ოთახებს რომ ჰქონდა, გარედან ხუთი წყრთა იყო, ხოლო ღია სივრცე ოთახებს შორის სახლს ეკუთვნოდა.

10 . ოთახებს შორის მანძილი ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.

11 . გვერდითი ოთახიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი: ერთი გასასვლელი ჩრდილოეთით და ერთი გასასვლელი სამხრეთით; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.

12 . შენობას, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა დასავლეთის მხარეს, სიგანე სამოცდაათი წყრთა ჰქონდა. შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ, სიგრძე - ოთხმოცდაათი წყრთა.

13 . გაზომა ტაძრის სიგრძე: ასი წყრთა, შემოკავებული ადგილი თავისი შენობებით და მისი კედლები: სიგრძით - ასი წყრთა.

14 . ტაძრის წინა ნაწილისა და შემოკავებული ადგილის სიგანე აღმოსავლეთით - ასი წყრთა.

15 . გაზომა შენობის სიგრძე შემოკავებული ადგილის პირდაპირ, რომელიც მის უკან იყო და მისი დერეფნები ორივე მხარეს - ასი წყრთა; ასევე შიდა ტაძარი და ეზოს დერეფნები,

16 . ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და დერეფნები ირგვლივ სამივე ზღურბლის წინ - ხით მოპირკეთებული, მიწიდან სარკმლებამდე; სარკმლები დახშული იყო.

17 . შესასვლელის თავზე, შიდა სახლამდე და გარეთ, მთელ კედელზე ირგვლივ, შიგნით და გარეთ ყველაფერი მოჩუქურთმებული იყო.

18 . ამოკვეთილი იყო ქერუბები და პალმები; ქერუბსა და ქერუბს შორის პალმა იყო. ყოველ ქერუბს ორი სახე ჰქონდა:

19 . ადამიანის სახე პალმისკენ იყო მიმართული, ლომის ბოკვერის სახე პალმისკენ იყო მიმართული მეორე მხარეს. ასე იყო ამოკვეთილი მთელ სახლში, ირგვლივ.

20 . მიწიდან შესასვლელის თავამდე ქერუბები და პალმები იყო ამოკვეთილი; ასევე ტაძრის კედლებზეც.

21 . ტაძრის კარის წირთხლები ოთხკუთხედი იყო, ისეთივე როგორც საწმიდრის; სხვა წირთხლების მსგავსი იყო.

22 . ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა ჰქონდა, სიგრძე - ორი წყრთა. მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო; მითხრა: "ეს ტაბლაა, რომელიც უფლის წინაშეა”.

23 . ორ-ორი კარი ჰქონდა ტაძარს და საწმიდარს.

24 . ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორი მოტრიალე ფრთა; ორი ერთი კარისთვის და ორიც მეორე კარისთვის.

25 . ამოკვეთილი იყო მათზე, ტაძრის კარებზე, ქერუბები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო ამოკვეთილი; ხის ზღურბლი იყო დერეფნის წინ, გარეთ.

26 . ცხაურიანი სარკმლები და პალმები იყო ამოკვეთილი ორივე მხრიდან დერეფნის გვერდებზე. ასეთი იყო ტაძრის გვერდითი ოთახები და ზღურბლები.