2 . და შემოვიდა ჩემში სული, ის რომ მელაპარაკებოდა; დამაყენა ფეხზე და ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს.
3 . მითხრა: "ძეო კაცისავ! გაგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამიჯანყდნენ. დღემდე სცოდავენ ჩემ წინაშე თვითონაც და მათი მამებიც.
4 . ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!
5 . მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან, დაე გაიგონ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
6 . შენ კი, ძეო კაცისავ! ნურც მათი შეგეშინდება და ნურც მათი ლაპარაკისა, თუმცა ძეძვივით და ეკალივით იქნებიან შენთან და იცხოვრებ მორიელთა შორის. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათი სახე ნუ შეგაკრთობს, ვინაიდან მეამბოხენი არიან.
7 . ელაპარაკე ჩემი სიტყვები მოგისმენენ თუ თავს აგარიდებენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან.
8 . შენ კი, ძეო კაცისავ! მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები ურჩი ამ მეამბოხე ხალხივით, გახსენი პირი და ჭამე, რასაც მოგცემ”.
9 . გავიხედე და ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, წიგნის გრაგნილი ეჭირა.
10 . გაშალა ჩემ წინაშე; გრაგნილის შიგნიდან და გარედანაც იყო ნაწერი. გოდება, ჭირი და ვაება ეწერა.