ეზეკიელი თავი 42

1 . გამომიყვანა გარე ეზოში ჩრდილოეთისკენ და შემიყვანა სენაკში, ტაძრის დერეფნისა და ჩრდილოეთისკენ მიმართული შენობის პირდაპირ რომ იყო.

2 . ჩრდილოეთ შესასვლელის სიგრძე - ასი წყრთა, ხოლო სიგანე ორმოცდაათი წყრთა იყო.

3 . ოც წყრთაზე შიდა ეზოში, გარე ეზოს ქვაფენილის გასწვრივ, დერეფანი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულზე.

4 . სენაკთა წინ გასასვლელი ათი წყრთის სიგანით ეზოს შიგნით, გზა - ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთიდან ჰქონდა.

5 . ზედა სენაკები ვიწრო იყო დერეფნების გამო, რომელთაც მეტი ადგილი ეჭირათ შენობის ქვემო და შუა სართულებზე.

6 . რადგან სამ სართულიანი იყო და ეზოს სვეტების მსგავსი არ ჰქონდა; ამის გამო უფრო ვიწრო იყო დაბლითა და შუა სენაკებზე.

7 . გარე კედელს, სენაკების მხარეს რომ იყო გარე ეზოში, სენაკების წინ, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა ჰქონდა.

8 . რადგან გარე ეზოს სენაკების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, ხოლო ტაძრის პირდაპირ - ასი.

9 . ამ სენაკების ქვემოთ შემოსასვლელი იყო აღმოსავლეთიდან, გარე ეზოდან თუ მიადგებოდი.

10 . ეზოს კედლის სიგრძეზე აღმოსავლეთით, ტაძრის დერეფნის პირდაპირ და შენობის წინ სენაკები იყო.

11 . მათ წინ გასავლელი ჩრდილოეთის სენაკების გასასვლელის მსგავსი იყო როგორც სიგრძითა და სიგანით, ისე გასასვლელებით, აგებულებითა და კარით.

12 . სამხრეთ სენაკების მსგავსი შესასვლელი იყო იმ გზის სათავეშივე, აღმოსავლეთის კედელს რომ მიუყვებოდა.

13 . მითხრა: "ჩრდილოეთისა და სამხრეთის სენაკები, დერეფნის წინ რომაა მოთავსებული, წმიდა სენაკებია; აქ ის მღვდლები უნდა ჭამდნენ, რომლებიც უფლის წმიდათა წმიდას უახლოვდებიან; წმიდათა წმიდაში ტოვებენ მსხვერპლებსა და პურეულ ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირს, რადგან წმიდაა ეს ადგილი.

14 . მღვდლები რომ შევლენ, ამ წმიდა ადგილიდან გარე ეზოში მანამ არ უნდა გავიდნენ, სანამ აქ არ დატოვებენ სამოსელს, რომლითაც მსახურებენ, რადგან წმიდაა იგი. სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან და ისე მიუახლოვდნენ იმ ადგილს, ხალხს რომ ეკუთვნის!”

15 . დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა, აღმოსავლეთით მიმართული კარიბჭის გზით გამომიყვანა და ირგვლივ გაზომა.

16 . დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა, აღმოსავლეთით მიმართული კარიბჭის გზით გამომიყვანა და ირგვლივ გაზომა.

17 . გაზომა ჩრდილოეთის მხარე - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით გარშემო.

18 . გაზომა სამხრეთის მხარე - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით.

19 . მიტრიალდა ზღვის მხარეს და გაზომა - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით.

20 . ოთხი მხრიდან გაზომა გალავანი მის გარშემო, სიგრძე - ხუთასი, სიგანე - ხუთასი, რათა განესხვავებინა წმიდა უწმიდურისგან.