1 . ჩვენი დევნილობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემის მეთოთხმეტე წელს, ზუსტად იმ დღეს იყო, რომ უფლის ხელმა მიმიყვანა იქ.
2 . ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყანაში და ძალიან მაღალ მთაზე დამაყენა, იქ, სადაც სამხრეთით ქალაქის მსგავსი იყო აშენებული.
3 . მიმიყვანა და, აჰა, კაცის მსგავსი, თითქოს სპილენძის შესახედაობა ჰქონდა, ხელში საზომი ლერწამი ეჭირა; კარიბჭეში იდგა.
4 . მელაპარაკა კაცის მსგავსი: "ძეო კაცისავ! შენი თვალით იხილე და ყურით მოისმინე, გული დაუდე ყოველივეს, რასაც გაჩვენებ, რადგან ამისთვის ხარ აქ მოყვანილი; ყველაფერი, რასაც ნახავ, ისრაელის სახლს გამოუცხადე.
5 . და, აჰა, გალავანია ტაძრის ირგვლივ, გარედან; იმ კაცს ხელთ საზომი ლერწამი აქვს ექვსი წყრთისა, წყრთაში კი მტკაველია. გაზომა სიგანე შენობისა - ერთი ლერწამი, სიმაღლე - ერთი ლერწამი.
6 . მივიდა კარიბჭესთან, აღმოსავლეთის გზისკენ რომ იყო მიმართული, ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის წირთხლი - ერთი ლერწამი სიგანე, მეორე წირთხლი - ერთი ლერწამი სიგანე.
7 . საგუშაგო კელია - ერთი ლერწამი სიგრძე და ერთი ლერწამი სიგანე; საგუშაგო კელიებს შორის - ხუთი წყრთა; კარიბჭის წირთხლი, ახლოს რომ იყო კარიბჭის აივანთან - ერთი ლერწამი.
8 . გაზომა კარიბჭის დერეფანი ტაძრის წინ - ერთი ლერწამი.
9 . გაზომა კარიბჭის დერეფანი - რვა წყრთა, მისი საყრდენები - ორი წყრთა; კარიბჭის დერეფანი - რვა წყრთა და მისი სვეტები - ორი წყრთა; და კარიბჭის დერეფანი ტაძრის წინ.
10 . კარიბჭის სადარაჯო კელიები აღმოსავლეთიდან - სამი ერთ მხარეს, სამიც - მეორე მხარეს; სამივეს ერთი ზომა ჰქონდა, ერთი ზომისა იყო საყრდენებიც, ორივე მხრიდან.
11 . გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, შესასვლელის სიგრძე - ცამეტი წყრთა;
12 . ზღვარი სადარაჯო კელიების წინ - ერთი წყრთა, ერთი წყრთაც - მეორე მხრიდან; ამ სადარაჯო კელიებს ექვსი წყრთა ერთი მხრიდან ჰქონდათ და ექვსი წყრთა - მეორე მხრიდან.
13 . გაზომა კარიბჭე ერთი სადარაჯო კელიის სახურავიდან მეორეს სახურავამდე; სიგანე - ოცდახუთი წყრთა, შესასვლელიდან შესასვლელამდე.
14 . სამოცი წყრთა გამოუვიდა საყრდენები; კარიბჭის შიგნით, ეზოს გარშემო სვეტები.
15 . შემოსასვლელი კარიბჭის ზღურბლიდან შიდა კარიბჭის აივნის ზღურბლამდე - ორმოცდაათი წყრთა.
16 . სარკმლები იყო სადარაჯო კელიებისა და მათი წირთხლებისკენ, კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; დერეფანსაც სარკმლები ჰქონდა შიგნით, ყოველი მხრიდან, საყრდენებზე კი - პალმები.
17 . შემიყვანა გარე ეზოში და ვნახე ოთახები და ქვაფენილი, ეზოს ირგვლივ დაგებული, ოცდაათი ოთახი ამ ქვაფენილზე.
18 . ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდებზე იყო, კარიბჭეთა სიგრძის შესაბამისად. ეს ქვედა ქვაფენილი იყო.
19 . გაზომა სიგანე ქვემო კარიბჭის წინიდან შიდა ეზოს გარე მხარემდე - ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
20 . ჩრდილოეთისკენ მიმართული გარე ეზოს კარიბჭეც გაზომა, მისი სიგრძე და სიგანე.
21 . თავისი გვერდითა ოთახებით: სამი - ერთი მხრიდან და სამიც - მეორე მხრიდან; სამი საყრდენი თავისი დერეფნებით, რომლებიც იმავე ზომისა იყო, რაც პირველი კარ
22 . მათი სარკმლები, დერეფნები და პალმები იგივე ზომისა იყო, აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭეს რომ ჰქონდა; შვიდსაფეხურიანი ასასვლელი თავ-თავისი დერეფნებით მათ წინ.
23 . შიდა ეზოს კარიბჭე - ჩრდილოეთის მოპირდაპირედ, მეორე კარიბჭე - აღმოსავლეთის მოპირდაპირედ; გადაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე - ასი წყრთა.
24 . წამიყვანა სამხრეთისკენ და დავინახე სამხრეთ კარიბჭე. გადაზომა მისი საყრდენები და დერეფნები - იგივე ზომისა იყო, რაც სხვა კარიბჭეებს ჰქონდა.
25 . სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, სხვა სარკმლების მსგავსად. ორმოცდაათი წყრთა სიგრძე და ოცდახუთი წყრთა სიგანე.
26 . შვიდსაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა, წინ - დერეფნები და თითო პალმა საყრდენებზე, სათითაო ორივე მხრიდან.
27 . შიდა ეზოშიც იყო სამხრეთ კარიბჭე; გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთით - ასი წყრთა.
28 . სამხრეთის კარიბჭით შემიყვანა შიდა ეზოში, გადაზომა სამხრეთის კარიბჭე და იგივე ზომა გამოუვიდა.
29 . გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იგივე ზომისა, მას და მის დერეფნებს ირგვლივ სარკმლები ჰქონდა, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
30 . დერეფნები ჰქონდა ეზოს ირგვლივ, ოცდახუთი წყრთის სიგრძეზე და ხუთი წყრთის სიგანეზე.
31 . დერეფნები გარე ეზოსკენ გადიოდა; საყრდენებზე პალმები იყო მოხატული და რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
32 . შიდა ეზოში აღმოსავლეთისკენ შემიყვანა, გაზომა კარიბჭე და იმავე ზომისა იყო.
33 . გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იმავე ზომებისა; სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
34 . დერეფნები გარე ეზოსკენ გადიოდა; საყრდენები თითოეულ მხარეზე პალმებით იყო მოხატული, რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
35 . შემიყვანა შიდა ეზოში ჩრდილოეთის კარიბჭისკენ, გაზომა და იმავე ზომისა იყო.
36 . მისი გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იმავე ზომებისა; სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
37 . საყრდენები გარე ეზოსკენ იყო მიმართული, პალმებით იყო მოხატული ორივე მხრიდან; რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
38 . იქვე იყო სენაკი, შესასვლელით კარიბჭის საყრდენებთან; იქ ასუფთავებენ სრულადდასაწველ მსხვერპლს.
39 . კარიბჭის დერეფანში ერთი მხრიდან ორი მაგიდა იდგა, ორიც - მეორე მხრიდან, სრულადდასაწველის, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდად შესაწირის დასაკლავი.
40 . გარე გვერდზე, ჩრდილო კარიბჭის შესასვლელისკენ ასასვლელში, ორი მაგიდა იდგა. კარიბჭის დერეფნის მეორე გვერდზეც - ორი მაგიდა.
41 . ოთხი მაგიდა ერთი მხრიდან და ოთხი მაგიდა - მეორე მხრიდან კარიბჭის მხარეზე: სულ რვა მაგიდა, რომლებზეც მსხვერპლი უნდა დაეკლათ.
42 . ოთხი მაგიდა გამოთლილი ქვისგან სრულადდასაწველისთვის; ერთნახევარი წყრთა სიგრძე, ერთნახევარი სიგანე, სიმაღლე ერთი წყრთა. სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლების დასაკლავი იარაღის დასაწყობად.
43 . მტკაველიანი კაუჭები, გარშემო მიმაგრებული; მაგიდებზე კი - შემონაწირთა ხორცი.
44 . შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა სენაკები იყო, შიდა ეზოში, ჩრდილოეთის კარიბჭის გვერდით; ერთი სამხრეთისკენ იყო მიმართული, მეორე კი, სამხრეთ კარიბჭის გვერდზე, ჩრდილოეთისკენ.
45 . მითხრა: ეს ოთახი, რომელიც სამხრეთისკენაა მიმართული, ტაძრის მსახური მღვდლებისთვისაა.
46 . სენაკი, რომელიც ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი იყვნენ, ლევის ძეთაგან, უფალთან მიახლოების უფლების მქონენი, რომ მომსახურებოდნენ მას.
47 . გაზომა ოთხკუთხედი ეზო: სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ასი წყრთა; სამსხვერპლო იყო ტაძრის წინ.
48 . მიმიყვანა ტაძრის დერეფანთან, გადაზომა დერეფნის საყრდენები: ხუთი წყრთა ერთი მხრიდან, ხუთი წყრთა მეორე მხრიდან; კარიბჭის სიგანე: სამი წყრთა ერთი მხრიდან, სამი წყრთა მეორე მხრიდან.
49 . დერეფნის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე - თერთმეტი წყრთა; ათი საფეხურით ადიან მასზე. იქვე საყრდენები იყო, ერთი - ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან.