ეზეკიელი თავი 29

1 . მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! ეგვიპტის მეფის, ფარაონისკენ მიმართე სახე და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე.

3 . ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენს წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო გველეშაპო, მდინარეთა შორის რომ გაწოლილხარ და ამბობ: "ჩემია ნილოსი, მე ჩემთვის შევქმენიო იგი”.

4 . კავებს გაგიყრი ყბებში და შენი მდინარეების თევზებს ქერცლებზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერცლებზე მოგეკრობა.

5 . უდაბნოში დაგაგდებ შენი მდინარეების მთელ თევზთან ერთად; გაშლილ ტრამალზე დაეცემი, არ შეიკრიბები და არ შეგროვდები; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ საჭმელად.

6 . და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის ტაძრისთვის.

7 . ხელს რომ გკიდებდნენ, იმსხვრეოდი და ყველა მათგანის მხარს ხვრეტდი; როცა გეყრდნობოდნენ, ტყდებოდი და წელში არყევდი.

8 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მახვილს მოვავლენ შენზე და მოვსრავ შენში ადამიანსა და პირუტყვს.

9 . უკაცრიელად და ნაოხარად იქცევა ეგვიპტის ქვეყანა, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, რადგან თქვი: "ჩემიაო ნილოსი და მე ჩემთვის შევქმენიო იგი!”

10 . ამიტომ, აჰა, მე ვარ შენი და შენი მდინარეების წინააღმდეგ; ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუკაცრიელებ მიგდოლიდან სევენემდე და ქუშის საზღვრამდეც კი.

11 . აღარ გაივლის მასში ადამიანის ფეხი და არც პირუტყვის ფეხი არ გაივლის მასში; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.

12 . გავაუკაცრიელებ ეგვიპტის ქვეყანას გაუკაცრიელებულ ქვეყნებს შორის და მის ქალაქებს მიწასთან გასწორებულ ქალაქებს შორის; უკაცრიელი იქნება იგი ორმოც წელს. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყნებს შორის.

13 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, რომელთა შორისაც გავფანტე ისინი.

14 . და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, ფათროსის ქვეყანაში დავაბრუნებ, მათი წარმოშობის ქვეყანაში და უძლურ სამეფოდ იქნებიან.

15 . სხვა სამეფოებზე უძლური იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; მე დავამცირებ, რომ აღარ იბატონოს ხალხებზე.

16 . და აღარასოდეს იქნება იგი იმედად ისრაელის ტაძრისთვის, მხოლოდ იმ დანაშაულის გამხსენებლად დარჩება, მისკენ რომ ბრუნდებოდნენ; და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი”.

17 . ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

18 . "ძეო კაცისავ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე შრომით მოქანცა თავისი ლაშქარი ტვიროსის წინააღმდეგ. ყველა თავი ქაჩლდებოდა და ყველა ბეჭი ტყავდებოდა, მაგრამ გასამრჯელო არ ჰქონდა მას და მის ლაშქარს ტვიროსიდან იმ შრომისთვის, მის წინააღმდეგ რომ ეწეოდა.

19 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას; წაიღებს იგი მის ქონებას, დაიტაცებს ნადავლს და გაძარცვავს მას. ეს ექნება მის ლაშქარს გასამრჯელოდ.

20 . მე მივეცი მას ეგვიპტის ქვეყანა იმ შრომის გამო, მან რომ გასწია, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ! - ამბობს უფალი ღმერთი.

21 . იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და პირს გაგიხსნი მათ შორის; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”