ეზეკიელი თავი 23

1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ერთი დედის ასულნი.

3 . მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი.

4 . მათი სახელები იყო: უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას - ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი და შვეს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები: ოჰოლა სამარიაა და ოჰოლიბა - იერუსალიმი.

5 . გამეძავდა ოჰოლა ჩემს ხელში, ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელებს, თავის მეზობლებს.

6 . ძოწეულით იყვნენ შემოსილნი, სარდლები და ერისმთავრები; სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები;

7 . მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი.

8 . არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება.

9 . ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურის ძეთა ხელში, რომლებსაც ეტრფოდა.

10 . მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, თავად კი მახვილით მოკლეს. ამიტომ იქცა იგავად ქალთა შორის, როცა სამართალი აღუსრულეს.

11 . დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.

12 . აშურელებს ეტრფოდა, სარდლებსა და ერისმთავრებს, თავის მეზობლებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ცხენებზე ამხედრებულ ცხენოსნებს, სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.

13 . დავინახე, რომ შეიბილწა - ერთი გზა ჰქონდა ორივეს.

14 . მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული,

15 . წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მხედართმთავრების მსგავსნი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა.

16 . დაინახა და ვნებით აინთო მათ მიმართ; მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.

17 . მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე.

18 . გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი.

19 . ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;

20 . ეტრფოდა იგი თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და რომელთა ვნებაც ულაყთა ვნებაა.

21 . ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!

22 . ამიტომ, ოჰოლიბავ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, გული რომ აგიყრია მათზე, და შემოგისევ ყოველი მხრიდან.

23 . ბაბილონის ძეებს და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს, კოაელს და აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, სანატრელ ჭაბუკებს, სარდლებსა და ერისმთავრებს, მხედართმთავრებსა და სახელოვან ხალხს, ყველა ცხენოსანს;

24 . იარაღით გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ეტლებითა და უამრავი ხალხით. გარს შემოგადგებიან დარაკითა და ფარ-მუზარადით. მათ ხელთ გადაგცემ სამსჯავროდ და თავიანთი სამართლით გაგასამართლებენ.

25 . ჩემს შურს მოვაქცევ შენზე და სასტიკად მოგექცევიან; ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენნი მახვილით დაეცემიან; შენს ძეებსა და ასულებს გაირეკავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი ცეცხლი შეჭამს.

26 . სამოსელს გაგაძრობენ და სამკაულებს აგართმევენ.

27 . ბოლოს მოვუღებ შენს ვნებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ როსკიპობას, აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტეს მეტად აღარ გაიხსენებ.

28 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შეიძულე; იმათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.

29 . სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.

30 . ასე დაგემართება, რადგან ერებთან მრუშობდი და კერპებით იბილწავდი თავს.

31 . შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში.

32 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი.

33 . სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა.

34 . დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! - ამბობს უფალი ღმერთი.

35 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.

36 . მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გაასამართლებ ოჰოლასა და ოჰოლიბას? მაშინ გამოუცხადე მათ თავიანთი სისაძაგლეები.

37 . რადგან როსკიპობდნენ და სისხლიანი აქვთ ხელები; კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეებს, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.

38 . ესეც გამიკეთეს - ჩემი საწმიდარი შებილწეს იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს.

39 . რადგან, როცა თავიანთ ძეებს სწირავდნენ კერპებს, იმავე დღეს შედიოდნენ ჩემს საწმიდარში, რომ შეებილწათ იგი. ასე იქცეოდნენ ჩემს სახლში.

40 . ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს.

41 . ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი, წინ გაშლილი ტაბლა გედო, ზედ ჩემს საკმეველსა და ზეთს აწყობდი.

42 . უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე.

43 . ვთქვი ამ მრუშობით გაცვეთილზე: დაე, მოექცნენ მას, როგორც მეძავს, რადგან ასეთია ის.

44 . შედიოდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან, ისე შედიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.

45 . მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.

46 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი შიშის ზარსა და ძარცვა-გლეჯას!

47 . ქვით ჩაქოლავს მათ ბრბო და მახვილით აკუწავს; მათ ძეებსა და ასულებს მოსრავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ.

48 . ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყველა ქალი; თქვენნაირად აღარავინ გაირყვნება.

49 . თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!”