1 . "შენ კი, იგლოვე ისრაელის მთავრებზე.
2 . თქვი: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებს შორის. ლომის ბოკვერებთან იწვა იგი, ზრდიდა თავის ლეკვებს.
3 . გაზარდა ერთი ლეკვთაგანი, ლომის ბოკვერად იქცა და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ადამიანს ჭამდა.
4 . გაიგეს ხალხებმა მისი ამბავი, ორმოში შეიპყრეს და კავებით წაიყვანეს ეგვიპტის ქვეყანაში.
5 . ძუ ლომმა დაინახა, როცა ელოდა, რომ მისი იმედი დაიკარგა; აიყვანა სხვა თავისი ლეკვთაგანი და ბოკვერად დაისვა იგი.
6 . ლომთა შორის დადიოდა ისიც, ლომად იქცა და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ადამიანს ჭამდა.
7 . ანგრევდა მათ სიმაგრეებს, მათ ქალაქებს ატიალებდა; შეძრწუნდა ქვეყანა მისი ღრიალის გამგონე.
8 . ხალხები შემოადგნენ გარშემო თავ-თავიანთი ოლქებიდან, თავიანთი ბადე ესროლეს და ორმოში შეიპყრეს.
9 . კავებით ჩასვეს გალიაში და ბაბილონის მეფესთან მიიყვანეს; ციხე-სიმაგრეში შეიყვანეს, რომ აღარ გახმიანებულიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
10 . წყლის პირას დარგული ვაზივით იყო დედაშენი. ნაყოფიერი და განტოტვილი უხვი წყლის გამო.
11 . მაგარი ტოტები ჰქონდა ხელმწიფეთა კვერთხისთვის, ღრუბლებს ასცდა ტანაყრილი; ასე ჩანდა აღზევებული და განტოტვილი.
12 . მაგრამ რისხვით აღმოიფხვრა და მიწაზე იქნა დაგდებული. მისი ნაყოფი აღმოსავლეთის ქარმა გაახმო, მოემტვრა და გაუხმა მაგარი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა ისინი.
13 . ახლა უდაბნოშია დარგული, მშრალ და მწყურვალე ქვეყანაში.
14 . ცეცხლი გამოვიდა მისი ღეროდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისთვის. ეს არის გოდება; იქცა იგი გოდების ფსალმუნად.