ეზეკიელი თავი 31

1 . მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! ფარაონს, ეგვიპტის მეფესა და მის სიმრავლეს უთხარი: ვის ედრები შენი სიდიადით?

3 . აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტყით, ტანმაღალი, ღრუბლებს ეხებოდა მისი კენწერო.

4 . წყლებმა გაზარდეს და უფსკრულმა აამაღლა. თავისი მდინარეებით გამუდმებით გარს უვლიდა ნარგავებს და თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ გზავნიდა.

5 . ამის გამო იყო, რომ მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა, რტოები გაეზარდა და ტოტები დაუგრძელდა უხვი წყლების გამო.

6 . მის რტოებში იბუდებდა ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს ქვეშ ბადებდა მინდვრის ყოველი მხეცი. დიდი ერები ცხოვრობდნენ მის ჩრდილქვეშ.

7 . მშვენიერი იყო თავის სიდიადეში, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.

8 . კედრებმა ვერ დაჩრდილეს იგი ღმერთის ბაღში, კვიპაროსები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით, ხოლო ჭადრები თავისი ტოტებით. ვერც ერთი ხე ვერ ედრებოდა თავისი მშვენებით ღმერთის ბაღში.

9 . ხშირი ტოტებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ბაღის ყველა ხეს, ღმერთის ბაღში რომ იყო.

10 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტანით გამაღლდა, ღრუბლებს მისწვდა მისი კენწერო და თავისი სიმაღლით გადიდგულდა,

11 . ხალხთა მძლეველს ჩავუგდებ ხელში და ის გაუსწორდება. მისი ბოროტების გამო გავაძევებ.

12 . მოკვეთეს იგი უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყარა მისი ტოტები და ქვეყნის ყველა მდინარეში ჩაილეწა მისი რტოები; მისი ჩრდილიდან გამოვიდა ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს იგი.

13 . მის ნანგრევებზე დაბინავდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს შეაფარებს თავს მინდვრის ყოველი მხეცი.

14 . რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ აღმართოს კენწერო ღრუბლებზე მაღლა; აღარ აღიმართონ კარგად დარწყულებული ძლიერი ტოტები სიმაღლეში, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცნენ ქვეშეთში საფლავად ჩასულ კაცთა ძეებს შორის.

15 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: გლოვა გავმართე მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს; უფსკრული დავუგმანე, მდინარეები დავაკავე და შეჩერდნენ დიდი წყლები. ლიბანი ვაგლოვე მასზე და მინდვრის ყოველი ხე მოსუსტდა მის გამო.

16 . ხალხები შევძარი მისი დაცემის ხმაზე, ქვესკნელში რომ ჩავიყვანე საფლავში ჩასულებთან; ნუგეშცემულ იქნა ედემის ყველა ხე, ქვესკნელის ქვეყანაში, ლიბანის რჩეულები და საუკეთესონი, წყლით უხვად დარწყულებულნი;

17 . ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ ქვესკნელში, მახვილით დახოცილებთან ერთად; მისი შემწენიც, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხებს შორის.

18 . რომელი შეგედრებოდა დიდებითა და ბრწყინვალებით ედემის ხეებს შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვესკნელში და წინადაუცვეთელებთან ერთად დაწვები, მახვილით დახოცილებთან ერთად. აი, ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე!” - ამბობს უფალი ღმერთი.