1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.
3 . უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო.
4 . ზემო ყლორტები მოტეხა, ქანაანის ქვეყანაში მოიტანა და ვაჭრების ქალაქში დადო.
5 . აიღო იმ ქვეყნის თესლი და ნაყოფიერ მიწაში ჩათესა, უხვ წყლებთან ჩადო და ტირიფივით დარგო.
6 . აღმოცენდა და განიტოტა დაბალი ტანის ვაზი, ლერწები არწივისკენ იყო მიმართული, ფესვებიც მის ქვეშ იყო; და გახდა ვაზი, რქა გამოიღო და ლერწები გაუშვა.
7 . და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად.
8 . ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო.
9 . უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ.
10 . თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”
11 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
12 . "უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.
13 . შემდეგ აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე, აღთქმა დადო მასთან და ფიცში შეიყვანა; ქვეყნის ძლიერნიც წაიყვანა,
14 . რათა სამეფო მასზე დამოკიდებული ყოფილიყო და არ გაამპარტავნებულიყო, რომ აღთქმა დაეცვა და გაეძლო.
15 . ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
16 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში არ მოკვდეს ის, ვინც ფიცი მოიძულა და აღთქმა გატეხა.
17 . ფარაონი და მისი დიდი ლაშქარი თავისი დიდძალი ამალით ვერ უშველის მას ომში, როცა მრავალი სულის დასაღუპავად აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდოლები.
18 . აღთქმის დარღვევით ფიცი შეიძულა; აჰა, ხელი მისცა და მაინც ჩაიდინა ეს ყველაფერი: ვერ გადარჩება.
19 . ამიტომ ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ არ ვაზღვევინე ფიცი, რომელიც შეიძულა და აღთქმა, რომელიც დაარღვია.
20 . ჩემს ბადეს მოვისვრი მასზე და ჩემს ხაფანგში გაებმევა, ბაბილონში მივიყვან და იქ გავასამართლებ მისი ორგულობის გამო, ჩემს წინააღმდეგ რომ იორგულა.
21 . რაზმიდან გაქცეული ყველა მისი მეომარი მახვილით დაეცემა; დარჩენილნი კი ყველა ქარის მიმართულებით გაიფანტებიან. მაშინ გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვილაპარაკე.
22 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.
23 . ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ, ტოტებს გაუშვებს, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა; მის ქვეშ დაბინავდება სხვადასხვაგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში დაიბუდებს ყოველი ფრთოსანი.
24 . გაიგებს მინდვრის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი: მე ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ!”