ეზეკიელი თავი 47

1 . ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.

2 . ჩრდილოეთის კარიბჭის გზით გამიყვანა, გარე გზით გამატარა, გარე კარიბჭისკენ, კარიბჭის გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; და, აჰა, გამოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.

3 . აღმოსავლეთისკენ წავიდა ეს კაცი ზონარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და წყალში გამიყვანა: კოჭებამდე იყო წყალი.

4 . კიდევ გაზომა ათასი და გამატარა წყალში: მუხლებამდე იყო წყალი; კიდევ გაზომა ათასი, გამატარა და წელამდე იყო.

5 . კიდევ გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელშიც ვეღარ გავიარე, რადგან ამაღლდა წყალი და გადასაცურავი გახდა; ფეხით ვერ გაივლიდი მდინარეში.

6 . მითხრა: "ძეო კაცისავ, დაინახე?” წამიყვანა და მდინარის ნაპირას დამაბრუნა.

7 . დავბრუნდი. აჰა, ბევრი ხე დამხვდა მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.

8 . მითხრა: "ეს წყლები აღმოსავლეთის მხარეს მიედინება, ყარაბაში ჩადის, ზღვისკენ მიემართება და ზღვას უერთდება; და განიკურნება წყლები.

9 . ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.

10 . დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.

11 . მაგრამ მისი ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, მარილს მიეცემა.

12 . მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად”.

13 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ეს იქნება საზღვარი, რომელთა მიხედვითაც დაუნაწილებ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი.

14 . ყველას თანაბრად დაუნაწილებ სამკვიდროს, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამებს, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა თქვენ გხვდათ წილად სამკვიდროდ.

15 . ეს იქნება ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს, დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის შესართავამდე,

16 . ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, რომლებიც დამასკოსა და ხამათის საზღვრებს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, ხავრანის საზღვართან რომ არის.

17 . იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე; ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი.

18 . აღმოსავლეთის მხარეს: ხავრანს შორის და დამასკოს შორის, გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. ეს არის აღმოსავლეთის მხარე.

19 . სამხრეთის მხარეს: სამხრეთისკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ; ეს არის სამხრეთის მხარე, სამხრეთის მიმართულებით.

20 . დასავლეთის მხარეს: დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის მხარე.

21 . ასე დაინაწილეთ ეს ქვეყანა თქვენ შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.

22 . წილისყრით დაინაწილებთ მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენ შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, თქვენ შორის რომ შობენ შვილებს; და იქნებიან ისინი თქვენთვის, როგორც მშობლიურ ქვეყანაში დაბადებულნი ისრაელის ძეთა შორის და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის ტომთა შორის სამკვიდროსთვის.

23 . რომელ ტომშიც დარჩება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო!” - ამბობს უფალი ღმერთი.