ეზეკიელი თავი 34

1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?

3 . ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ.

4 . სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.

5 . მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ.

6 . ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი.

7 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:

8 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი - არა!

9 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა,

10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!

11 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.

12 . როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ.

13 . გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში.

14 . პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.

15 . თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.

16 . "დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!

17 . თქვენ კი, ჩემო ფარავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, მე განვსჯი სამართალს კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის.

18 . განა გეცოტავებათ პოხიერ მოლზე ძოვა, დანარჩენ საძოვარს ფეხით რომ თელავთ? დაწმენდილ წყალს სვამთ, დარჩენილს კი ფეხით რომ ამღვრევთ?

19 . ჩემი ცხვარი თქვენი ფეხით გათელილს უნდა ჭამდეს და თქვენი ფეხით ამღვრეულს სვამდეს?

20 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები განმკითხველი მსუქან და გამხდარ კრავს შორის.

21 . ვინაიდან გვერდებით, მხრებითა და რქებით აწვებით სუსტებს, რომ გარეთ გარეკოთ ისინი.

22 . მე გამოვიხსნი ჩემს ცხვრებს, მეტად აღარ იქცევიან ნადავლად! განმკითხველი ვიქნები კრავსა და კრავს შორის!

23 . გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.

24 . მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.

25 . მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.

26 . მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.

27 . ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.

28 . მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.

29 . აღვუდგენ სასახელო ნერგს და აღარ იქნებიან შიმშილის მსხვერპლნი ამ ქვეყანაზე; აღარც ხალხების სირცხვილს იტვირთავენ.

30 . და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა - ჩემი ხალხია! - ამბობს უფალი ღმერთი.

31 . და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.