1 . გამოვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდა; ვაპოვნინე თავი მათ, ვინც არ მკითხულობდა. ვუთხარი: "აქ ვარ!” ხალხს, რომელიც არ იწოდებოდა ჩემი სახელით.
2 . მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ.
3 . ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით მიწვევს! ჩემს თვალწინ, ბაღებში მსხვერპლის მიმტანი და აგურებზე მკმეველი,
4 . სამარხებთან მჯდარი და დაფარულ ადგილებში ღამის მთეველი, ღორის ხორცს ჭამენ და უწმიდური ნახარში აქვთ თავიანთ ჭურჭლებში.
5 . ამბობენ: "განზე გადექ, ნუ მომიახლოვდები, რადგან შენზე წმიდა ვარ”. ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელი დღე.
6 . აჰა, ჩაწერილია ჩემს წინაშე, არ დავდუმდები, სანამ არ მივუზღავ; და მე მივუზღავ მათ უბეში.
7 . თქვენი ურჯულოებისა და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც მთებზე და ბორცვებზე უკმევდნენ და შეურაცხმყოფდნენ! ამბობს უფალი, წინდაწინვე ავრწყავ მათ ნამოქმედარს მათივე უბეში!
8 . ასე ამბობს უფალი: "როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, მაშინ ამბობენ, ნუ გააფუჭებო, რადგან სარგებელია მასში! ასე მოვიქცევი მათთვის, ვინც მემსახურება, რათა არ დავღუპო ყველა ისინი.
9 . გამოვიყვან თესლს იაკობიდან და ჩემი მთების მემკვიდრეს - იუდადან, დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მონები დასახლდებიან იქ.
10 . გახდება შარონი საძოვარი ფარისთვის და ყაქორის ველი - ნახირის მოსასვენებელი ჩემი ხალხისთვის, რომელიც მეძიებს.
11 . თქვენ კი, უფლის დამტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, იღბლის ღმერთს რომ უმზადებთ სუფრას და ბედისწერის ღვთაებას - შეზავებული ღვინის სავსე თასს.
12 . მე გადაგცემთ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მოდრეკილნი, რადგან გიხმობდით და არ გამომეხმაურეთ, ვლაპარაკობდი და არ ისმინეთ, ბოროტს ჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მახარებდა, იმას ირჩევდით!
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ იშიმშილებთ; აჰა, ჩემი მსახურნი დალევენ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ; აჰა, ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ შერცხვებით;
14 . ჩემი მსახურნი გახარებული გულით შემოსძახებენ, თქვენ კი გულის ტკივილი აგაყვირებთ და სულდაძაბუნებულნი აქვითინდებით.
15 . დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევლად ჩემს რჩეულთ, და მოგსპობთ უფალი ღმერთი. თავის მსახურთ კი სხვა სახელს უწოდებს.
16 . ვინც კურთხეულია - იკურთხება ქვეყანაზე ჭეშმარიტი ღმერთით; ქვეყნად დამფიცებელი - ჭეშმარიტ ღმერთს დაიფიცებს, ვინაიდან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და დაფარულია ჩემს თვალთაგან.
17 . რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა.
18 . გაიხარეთ და სამუდამოდ ილხინეთ იმით, რასაც ვქმნი, რადგან, აჰა, მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ხალხს - სიხარულად.
19 . და მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ხალხში, და აღარ გაისმება მასში ტირილისა და მოთქმის ხმა.
20 . აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.
21 . ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს.
22 . სხვათა საცხოვრებლად არ ააშენებენ და სხვათა საჭმელად არ გააშენებენ, რადგან დღეები ჩემი ხალხისა ხის დღეებივით იქნება და თვითონვე გაცვეთენ თავიანთი ხელის ნამოქმედარს ჩემი რჩეულნი.
23 . ამაოდ არ იშრომებენ და შფოთისთვის არ გააჩენენ, რადგან უფლის მიერ კურთხეული თესლის არიან და მათი შთამომავალიც მათთან ერთად.
24 . და იქნება, სანამ მომიხმობენ - ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ.
25 . მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! - ამბობს უფალი.